შსს-მ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

შსს-მ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

დათაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დათაშვილი მანდატურს ძალის გამოყენებით გაყავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა 1982 წელს დაბადებული ნ.დ.

მანდატურის სამსახურის მიერ ნ.დ.-ს განემარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში არ იყო ადგილი.

ნ.დ. არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარის შემდგომ, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ნ.დ. საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს.

საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები", - წერს შსს.