შსს-მ აქციის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის 15-წუთიანი ვადა მისცა

შსს-მ აქციის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის 15-წუთიანი ვადა მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს "ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის" 15-წუთიან ვადას აძლევს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენებით იმუქრება.

ჭავჭავაძის გამზირზე უკვე დაიწყო დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალების მობილიზება.

შსს-ს განცხადება სრულად:

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა.

ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.

აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ გაათავისუფლონ გზა და შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15 წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, 15 წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ გაიხსნება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას", - ნათქვამია განცხადებაში.