შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისწმობს.
უწყების თანახმად, ამ გამოძიების ფარგლებში მათ 7 ადამიანი დააკავეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცავებმა 4 დეკემბრის დილიდან დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
"პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 7 პირი დააკავა: 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ეს მუხლები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თეიმურაზ კუპატაძის ცნობით, 28 ნოემბრიდან მიმდინარე მანიფესტაციების საქმეზე, 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები "გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა".
კუპატაძის თქმით, მოძრაობა "ჯიუტების", პარტია "დროასა" და პარტია "გირჩის" ოფისებში, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს.
"სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - თქვა მან.
გარდა ამ სისხლის სამართლის საქმისა, შსს იძიებს სხვა სისხლის სამართლის საქმესაც - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი.