შინაგან საქმეთა სამინისტროში გლდანში დაკავებულ პირებზე ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებზე ჯგუფური თავდასხმის შემდეგ, გლდანში შეიკრიბდნენ დაშავებულთა მეგობრები და თანაპარტიელები, რომლებმაც "სამართალდამცავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს", რა დროსაც 3 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს, თუმცა დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებენ.
წერენ, რომ დაპირისპირების შედეგად პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე დაზინებები აღენიშნებათ და გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.
"დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს", - ამბობენ შსს-ში.
რაც შეეხება ირაკლი ეძგვერაძეს. შსს-მ დეპუტატისა და მისი თანხმლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.
გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.
თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.
ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.
მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ, რომლებიც პოლიციამ დააკავა. დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. არსებული ინფორმაციით, ისინი დიღმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.