"შშმ პირს სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ" - დაკავებულია 4 ადამიანი

"შშმ პირს სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ" - დაკავებულია 4 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულებმა ადამიანთა ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს, გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით კი გადაიბირეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ.

შსს-ს ცნობით, დაზარალებულს, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, სხვა პირებისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ. ბრალდებულები ამ გზით მიღებულ თანხას კი პირადად ისაკუთრებდნენ.

"ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული მ.ე., 1990 წელს დაბადებული ლ.ა. და 1959 წელს დაბადებული ე.ლ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1972 წელს დაბადებული ი.კ. დანაშაულები 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებული ი.კ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.