გარემოს ეროვნული სააგენტო 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასების ანგარიშს აქვეყნებს. საუბარია შოვის ტრაგედიაზე, რომელსაც 33 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები.
ანგარიშში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ნათქვამია, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრეცლების არეალისთვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.
ამასთან, ანგარიშში წერია, რომ მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხეების შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლისა და ეკონომიკური ზარალის მინიმუმამდე დასაყვანად, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება, რისკების ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისად, პირველადი რეკომენდაციების მომზადება.
***
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოიყვანეს.
სტიქიის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამ საათში გამოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვერტმფრენმა არა თუ დაიგვიანა, არამედ "სულ რაღაც სამ საათში მივიდა" და ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის.
რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".