შოვში მეწყერი ჩამოწვა. ერთ-ერთ სასტუმროსთან და მჟავე წყლებთან ათობით ადამიანი მაშველებს ელოდება.
ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც ადგილზე მყოფებს ესაუბრა, ფორმულას უყვება, რომ ზონაში, სადაც მიწა დაიძრა, მოყოლილი არიან ბავშვებიც. მათი თქმით, ელოდებიან ვერტმფრენსაც, რომლითაც ევაკუაცია მოხდება. სავარაუდოდ მეწყრული პროცესები რამდენიმე ადგილზეა განვითარებული, მისი ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.
რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ პირველ არხს განუცხადა, რომ მეწყერი სასტუმრო სანსეტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა.
ფორმულა ინფორმაციის მოპოვებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წევრებთან, მერთან, გუბერნატორთან ეცდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
"საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო სანსეტ შოვში მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით", - აცხადებენ უწყებაში.
კომპანია ენერგო პროს ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა შოვში, ასევე სოფელ გლოლაში.