გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებას NATO-ს მოკავშირეების შესახებ საშიშსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს.
შოლცის შეფასებით, მსგავსი რიტორიკა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოებით თამაში ან ვაჭრობა დაუშვებელია.
11 თებერვალს, დონალდ ტრამპი NATO-ს წევრებს რუსეთის აგრესიის წაქეზებით დაემუქრა, თუ ისინი სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან. ამის შესახებ მან სამხრეთ კაროლინაში, წინასაარჩევნო კამპანიისას თქვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტრამპის განცხადებას შემაძრწუნებელი და საშიში უწოდა. ბაიდენის თქმით, ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის შემთხვევაში, ის გაანადგურებს ამერიკის საგარეო ურთიერთობებს და აშშ-ის მტრებს გაამხნევებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპის უგუნური განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება.
ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები ყველას უსაფრთხოებას ანადგურებს. ტრამპის განცხადებას თეთრ სახლშიც გამოეხმაურნენ და ის შოკისმომგვრელად შეაფასეს.