"შოკისმომგვრელია, EU ცდილობს, პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს" - ზახაროვა გინტურზე

"შოკისმომგვრელია, EU ცდილობს, პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს" - ზახაროვა გინტურზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ოკუპანტების მიერ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა. ზახაროვამ ევროკავშირი დაადანაშაულა თემაზე "მცდარი შეფასებების" გაკეთებაში.

ის ამტკიცებს, რომ ოფიციალურ ბრიუსელი ცდილობს, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს, რაც მისი თქმით, "შოკისმომგვრელია".

"ევროკავშირი ხელმძღვანელობს პოლიტიზებული და მცდარი შეფასებებით, როდესაც ადანაშაულებს რუსეთს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში სამხრეთ ოსეთის საზღვართან. [...] გაკვირვებულები ვართ ევროკავშირის პოზიციით, მათ იგნორირება გაუკეთეს ოსური მხარის მიერ მოყვანილ აშკარა ფაქტებს, დეტალურ განმარტებებს და მათ იგნორირება გაუკეთეს. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელი ცდილობს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს. ეს არის პოლიტიზებული და ცალმხრივი, ყალბი შეფასებები", - აცხადებს მარია ზახაროვა.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.