"შეწყვიტეთ კანონის განხილვა" - პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატები ოცნებას

"შეწყვიტეთ კანონის განხილვა" - პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატები ოცნებას

საქართველოს პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

დეპუტატების განცხადებიბთ, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტმა დიდი საფრთხე შეუქმნა როგორც საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, ასევე დემოკრატიას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას.

"მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მოვლენებმა ცხადად დაგვანახა ქართული საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მკაფიო უარყოფითი დამოკიდებულება "რუსული კანონის" მიმართ, მმართველმა პარტიამ დაარღვია საჯარო პოლიტიკური დაპირება და ხელახლა განიზრახა მისი მიღება, რითაც ხელოვნურად შექმნა განხეთქილება, ერთის მხრივ, ქართულ საზოგადოებაში, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს შორის. ეს მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესს წარმოადგენს.

ამ კანონპროექტის თვით განხილვაც კი, ემსახურება არა გამჭვირვალობის ინტერესს, არამედ იმ ქვეყნების მტრად წარმოჩენას, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, დღესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტორები არიან და რომელთა დახმარებით საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ ინიციატივის მიზანია არა გამჭვირვალობა, არამედ სისტემისთვის მიუღებელი ადამიანების "მტრად" შერაცხვა, მათი დევნა და დაშინება, როგორც ეს ბოლო დღეების მოვლენებმაც გვაჩვენა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დეპუტატები ბოლო დროს აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიის წევრბის მიმართ თავდასხმებს ეხმაურებიან.

"საგანგაშოა ბოლო პერიოდში მომრავლებული ძალადობისა და მუქარის ფაქტები, რომლებსაც აშკარად ორგანიზებული სახე აქვს და რომლებმაც უკვე მიიღო ფიზიკური ანგარიშსწორების ფორმა. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები რეაგირების გარეშე ტოვებენ ასეთ ძალადობრივ შემთხვევებს.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ჩვენი განვითარების ვექტორი არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ მმართველი პოლიტიკური ძალების მხრიდან. ყოველთვის, ყველა ხელისუფლების პირობებში, საქართველო ისწრაფვოდა გამხდარიყო დასავლური ცივილიზაციის სრულყოფილი ნაწილი. მმართველი პარტიის ქმედებებს ჩიხში შეყავს ჩვენი ქვეყნის - საქართველოს შემდგარ, განვითარებულ, წელში გამართულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსი, ვინაიდან, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო არათუ ვერ წაიწევს წინ დასავლური ინტეგრაციის გზაზე, არამედ საფრთხეს შეუქმნის ყველა იმ ხელშესახებ შედეგს, რომელიც აქამდე მივიღეთ", - წერია განცხადებაში.

დეპუტატები ქართულ ოცნებას რუსული კანონის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ მმართველ არტიას, არამედ თითოეულ პარლამენტის წევრს.

"შარშანდელის მსგავსად, ამჯერადაც მივმართავთ “ქართულ ოცნებას” და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს: გაიაზრეთ საკუთარი პასუხისმგებლობა იმ უმძიმეს პროცესებზე, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ საზოგადოებაში დაპირისპირების ხელოვნურად გამწვავება. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა.

პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე ეკისრება არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ პარტიას, არამედ თითოეულ პარლამენტის წევრს ინდივიდუალურად! საქართველოს გზა არის ევროპისკენ და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს!", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერები:

თამარ ჩუგოშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);

თედო ჯაფარიძე - VIII მოწვევისპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ( 2012-2016 წწ)

ეკა ბესელია - VIII და 1X მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის , იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

( 2012-2018 წწ)

თამარ ხულორდავა - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.);

დიმიტრი ცქიტიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.);

ირინა ფრუიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);

აკაკი ზოიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.);

ნინო გოგუაძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);

ზაზა ხუციშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);

ლევან კობერიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.);

გიორგი მოსიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2016-2019 წწ.);

ლევან გოგიჩაიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი;

ანი მიროტაძე - VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

გიორგი ხეჩინაშვილი - VIII მოწვევის პარლამენტის წევრი;

სოსო ვახტანგაშვილი - VIII მოწვევის პარლამენტის წევრი; ფრაქცია “ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე”;

გედევან ფოფხაძე - VIII და XI მოწვევების პარლამენტის წევრი;