შემაკავებელი ზომები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს – ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

შემაკავებელი ზომები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს – ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

4 ევროპარლამენტარი საერთო განცხადებას ავრცელებს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს დღეს დილით განვითარებული მოვლენების ფონზე, შემდეგი კითხვებით მიმართავს:

წარადგენს თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დაუყოვნებლივ შემაკავებელ ზომებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტსა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პოტენციურად დადებული ვეტოს დაძლევას მხარს დაუჭერენ?

ამასთან, ევროპარლამენტარები ბორელისგან დაინტერესდნენ, დაავალებს თუ არა EEAS-ს, შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რომელიც კანონს არ აუქმებს, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერის განაწილება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის და ასევე, შეაჩერებენ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს მანამ, სანამ კანონი მოქმედებს.

დაბოლოს, აპირებს თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებას, რათა გამოხატოს ევროკავშირის მიერ დაგმობა, გააცნოს აღნიშნული ზომების გადადგმის თაობაზე და განხილული იქნება თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გამოწვევის შესაძლებლობა.

კითხვების ავტორები ტაის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი არიან.

***

დღეს დილას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა.

სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები იყვნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე შესვლა ვერ მოასწრეს.

იმ პერიოდში სანამ უმრავლესობის დეპუტატები კომიტეტის დარბაზში იკრიბებოდნენ, ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა დილის რვა საათისთვის დაიწყეს. დეპუტატებს პარლამენტის ეზოში მანქანებით შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევდათ.

მოგვიანებით, შიდა ეზოში, შესასვლელ კარებთან სახანძრო მანქანა დააყენეს, რათა კამერებს მმართველი გუნდის გადაადგილება ვერ დაეფიქსირებინათ.

მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ღამე გაათენეს, რათა დეპუტატები შენობაში ვერ შესულიყვნენ და კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარებულიყო. თუმცა პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და მოგვიანებით დაატოვებინა კიდეც. პროცესში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა რამდენიმე მოქალაქეს.