სეს-მა შაურმაში სალმონელა აღმოაჩინა - ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სეს-მა შაურმაში სალმონელა აღმოაჩინა - ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს „სთრით ფუდ 125“-ს საწარმოო პროცესი შეუჩერა. უწყების გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა განახორციელა საშაურმეში

„სთრით ფუდ 125“ (მისამართი; ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907) სახელმწიფო კონტროლი.

„შემოწმებისას, ინსპექტორებმა, სალმონელაზე კვლევის მიზნით, აიღეს 5 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა (SALMONELLA).

შედეგად, საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.

კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება.