სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს და მონიტორინგის პირველად შედეგებს აქვეყნებს.
სახალხო დამცველის შეფასებით, აქციაზე დაირღვა შეკრების თავისუფლება, ძალის გადამეტება, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა და საქმიანობაში ხელშეშლა და დაკავებულებზე სავარაუდო არასათანადო მოპყრობა.
ომბუდსმენი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს დროული და მკაცრი რეაგირება ყველა ფაქტზე და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
შეკრების თავისუფლების დარღვევა
"ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები:
16 აპრილს საღამოს საათებში მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა სპეციალური გასასვლელის მოწყობით უზრუნველყვეს პარლამენტის წევრთა ტერიტორიიდან გაყვანა, აქციის მონაწილეებს ეზღუდებოდათ უკანა შესასვლელთან მიახლოებისა და ამგვარი ფორმით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა;
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების დაუძლეველი მიზეზი.
16 აპრილის საღამოს საათებში აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების შემთხვევაშიც ხდებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება. ასევე გამოიკვეთა მშვიდობიან მონაწილეებზე დადევნების შემთხვევები, ტერიტორიის დატოვების იძულების მიზნით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას;
ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეთა მისამართით გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.
სამინისტროს მხრიდან გაფრთხილების გაჟღერების მომენტისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მონაწილეთა დაშლისკენ მოწოდების საფუძველი. სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ შესაძლო ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი მთლიანი შეკრების ძალადობრივად მიჩნევისთვის. ამგვარ გაფრთხილებას აქვს „მსუსხავი ეფექტი“ შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე, მას შეუძლია შეაკავოს საერთო იდეებისა და ინტერესების მხარდამჭერი ადამიანები თავიანთი აზრის ღიად გამოხატვისაგან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იწვევს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას".
სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და დაკავებულების უფლებები
"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცავების უფლებამოსილება, გამოიყენონ პროპორციული ძალა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, არ უნდა იყოს გამოყენებული ბოროტად, აქციის მონაწილეთა დასჯისა თუ შეშინების მიზნით და არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გავრცელებულ რამდენიმე კადრში ჩანს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე აქტიური ძალადობა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს დროული და ეფექტიანი გამოძიება.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები 16 აპრილის ღამისა და 17 აპრილის დღის განმავლობაში აქტიურად ხვდებოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ დაკავებულებს და მოინახულეს 16 აპრილის აქციაზე დაკავებული ყველა პირი. კერძოდ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს 16 პირი (მათგან ორი მონახულების მომენტისათვის იმყოფებოდა კლინიკაში და აპარატის ინფორმაციით, იყვნენ ხელწერილით გათავისუფლებული). დამატებით, პირადად სახალხო დამცველმა 17 აპრილს მოინახულა 18 დაკავებული პირი, მათ შორის 15 აპრილის აქციაზე დაკავებულები.
16-დან 11 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და ითხოვდნენ რეაგირებას. ყველა შემთხვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს.
გარდა ამისა, 3 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის გარემოებებზე, თუმცა ითხოვდნენ ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვას და რეაგირებაზე უარს აცხადებდნენ".
ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები
"შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელავას და წაართვეს ტელეფონიც, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს. გავრცელებულ ვიდეო კადრში ნათლად ჩანს როგორ ურტყამენ ჟურნალისტს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია „ტაბულას” ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეზე ფიზიკური ძალადობის და ტელეფონის წართმევის და „აპრილი მედიის” ჟურნალისტის გიორგი ბასხაჯაურის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის შეკრების მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა. კიდევ უფრო მძიმეა დანაშაული, როდესაც ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება მათი საქმიანობიდან გამომდინარე. მსგავსი ფაქტები არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს, შეიცავს საშიშ გზავნილს, რომ მედიის წარმომადგენლები, მათი საქმიანობის გამო, შესაძლოა, ანგარიშსწორებას დაექვემდებარონ და ამდენად, მსუსხავი ეფექტის მატარებელია მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს დროული და მკაცრი რეაგირება ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტზე და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საგამოძიებო უწყებების სათანადო რეაგირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებში კანონის უზენაესობის აღსრულებისთვის, ისე, ზოგადად მედიის წარმომადგენლებისა და საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად".