ჯეოქეისის მრჩეველი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა, შესაძლოა, უკრაინისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცეს. გადაცემა მრგვალ მაგიდაში, კაპანაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ბაზის გაკეთება ალბათ უკვე გადაწყვეტილია და მან იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც ამას მოჰყვება.
როგორც გენერალ-მაიორმა თქვა, ოჩამჩირე ანაკლიიდან, დაახლოებით, 35 კილომეტრში მდებარეობს. ეს კი "მრავალჯერადად გააძლიერებს" საცეცხლე შესაძლებლობებს, რომელიც უკვე გააჩნია აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის საოკუპაციო ძალებს.
რაც შეეხება ლეგიტიმურ სამიზნეს, კაპანაძემ დნესტრისპირეთის მაგალითი მოიყვანა, სადაც რუსეთს ასევე ბაზა აქვს განთავსებული.
"[ოჩამჩირის ბაზა] აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა. აქ არის რამდენიმე ნიუანსი, უფრო დიპლომატიური. ანალოგიური ვითარება რომ განვიხილოთ - დნესტრისპირეთი. იქაც არის რუსული ბაზა, მაგრამ სანამ ის ბაზა არ გააქტიურდება და არ მოახდენს დარტყმას უკრაინაზე, უკრაინა არ ახორციელებს მასზე [დარტყმას]. როგორც კი გააქტიურდება, რა თქმა უნდა, საპასუხო დარტყმას მიიღებს. მსგავსი ვითარება ალბათ ჩამოყალიბდება ამ ბაზასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, არაა აუცილებელი ოჩამჩირიდან განახორციელოს გასროლა, ხომალდი შეიძლება გავიდეს ზღვაში და იქიდან განახორციელოს რაკეტის გაშვება უკრაინის მიმართულებით, აი, ამ შემთხვევაში ნებისმიერი ის ხომალდი, რომელიც განახორციელებს დარტყმას უკრაინის მიმართულებაზე ან მონაწილეობას მიიღებს ოპერაციებში, ან განლაგდება ოჩამჩირის რაიონში, ზოგადად, ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის", - განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, კაპანაძე მიიჩნევს, რომ ბაზის განლაგება რუსეთის მხრიდან არის ძალის დემონსტრირება, რადგან საქართველოში ანაკლიის პორტის მშენებლობაზე დისკუსია გააქტიურდა.
"რუსეთს არაფერი არ უშლიდა ხელს, რომ ისედაც შემოეყვანა ხომალდები, ვთქვათ, აფხაზეთში. ბაზა თუ არ იქნებოდა მოწყობილი, განთავსება ყოველთვის შეეძლოთ ამ რეიდზე ან აფხაზეთის წყლებში. მაგრამ აქ არის პოლიტიკური ფაქტორიც და სამხედრო ფაქტორიც", - აღნიშნა კაპანაძემ.
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".
ეს კი ხდება იმის ფონზე, რომ ანექსირებულ ყირიმში რუსული საზღვაო ბაზა სულ უფრო ხშირად ხდება უკრაინის სარაკეტო იერიშის ობიექტი. საერთაშორისო გამოცემები აღნიშნავენ, რომ კრემლი იძულებული გახდა, ოკუპირებული ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გადატანა დაეწყო.
რუსული სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავი სერიოზულად დაზიანდა გასულ თვეში სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე თავდასხმის შედეგად, სადაც რუსული შავ ზღვის ფლოტი მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ბრიტანული Storm Shadow საკრუიზო რაკეტების გამოყენებით განხორციელდა. ერთი კვირის შემდეგ უკრაინამ სევასტოპოლში ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა. კიევმა განაცხადა, რომ დაიღუპა 30-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ კვირაში განაცხადა, რომ კრემლს სავარაუდოდ თავისი გემები ყირიმიდან ნოვოროსიისკში გადაჰყავს, შავ ზღვაზე რუსეთის მთავარ საპორტო ქალაქში.