ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აქვეყნებს წერილს, რომელიც მან გაუგზავნა ლიდერებს და 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სხდომაზე მოიწვია.
წერილში ის სხდომაზე განსახილველ საკითხებს ასახელებს, რომელთა შორისაც არის საქართველო და მოლდოვა.
შარლ მიშელის თანახმად, მოლდოვაც და საქართველოც "ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან".
"ევროპული საბჭო განიხილავს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის რიგ საკითხებს, მათ შორის მდგომარეობას მოლდოვასა და საქართველოში. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას", - ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.
წერილიდან ირკვევა, რომ სამიტზე განხილვის მთავარი თემა უკრაინა იქნება. ევროკავშირის ლიდერები სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისგან გამარჯვების გეგმას მოისმენენ.
შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე გუშინ, 15 ოქტომბერს მიიწვია.
14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოვა.
მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ამ კვირაში პარტნიორებს გეგმას წარუდგენს, თუმცა არ დაუკონკრეტებია - რა ფორმატში.
ევროპული ტურნეს ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გამარჯვების გეგმა გააცნო იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
მანამდე კი, ზელენსკი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც პრემიერმინისტრ კირ სტარმერს შეხვდა და უკრაინის გამარჯვების გეგმა წარუდგინა.