ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ “თუ ევროპას რეალურად სურს საქართველოში პოლარიზაციის დასრულება, მათ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ”, პასუხად ამბობს, რომ ეს “შანტაჟის ფორმაა”.
კრამონი ღარიბაშვილს შანტაჟის ნაცვლად ურჩევს, პოლარიზაციის პრობლემის მოგვარების კუთხით “საკუთარ პასუხისმგებლობას და შესაძლებლობებს გადახედოს”.
“ეს შანტაჟის ფორმაა. შანტაჟი მიუღებელია, ალბათ დამეთანხმებით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მან თავის პასუხისმგებლობებს გადახედოს, რისი გაკეთების საშუალება აქვს, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პოლარიზაცია აღარ წარმოადგენდეს ქვეყნის პრობლემას. მათ უნდა დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რაც ევროპამ წაუყენა, ევროკომისია გახლავთ პასუხისმგებელი ამ შეფასებაზე და მათ ექნებათ საშუალება, განიხილონ ყველა ის ქმედება, რაც ქართულმა ოცნებამ განახორციელა პოლარიზაციის შესამცირებლად. ვფიქრობ, ეს განცხადება, ნამდვილად არ წაადგება ქართულ ოცნებას. არ არის სწორი, რომ შანტაჟის გზას მიმართო, ერთი თითის დატკაცუნებით არ მოხდება ამ ყველაფრის გადაწყვეტა და დასრულება, ეს პროცესია” - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
კრამონის თქმით, ოცნების მხრიდან საჭიროა მზაობა და ნება იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს როგორც ოპოზიცია ისე სამოქალაქო ორგანიზაციები.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მარტს პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ბოლო 1 წელში პოლარიზაციამ იმატა და ამ პრობლემას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაჭრის.
“ჩვენ რომ შევხედოთ, ერთი წლის განმავლობაში შემცირდა თუ არა პოლარიზაცია, ალბათ ვერავინ დაგვეთანხმება, რომ ეს ასე მოხდა. პირიქით, ჩვენ ვნახეთ ამის შემდეგ დესტაბილიზაციის მცდელობები, შარშან ივნისის აქციები, ახლა უკვე მარტის აქციები, პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მათ მონაწილეობა ამ 12 რეკომენდაციისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, შესაბამისად ჩვენი პასუხი, მინდა, საჯაროდ ვთქვა, რაც მე გავუზიარე ღიად ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, არის შემდეგი – თუ ევროპას და ჩვენს ევროპარლამენტარებს, ევროპელ კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს მოხსნის ყოველგვარ კითხვებს, ყოველგვარ სპეკულაციებს, დაასრულებს მათ ამ დესტრუქციულ და რადიკალურ მოქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩება ჩვენს ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის რეალობა, თუ გვინდა, რომ ამ რეალობაზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.