შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, 2019 წლის 20 ივნისის დარბევის დროს გამოყენებული რეზინის ტყვიები "ლეტალური აღმოჩნდა და გამოიწვია ის კატასტროფული შედეგები". ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა.
ამასთან, შაიშმელაშვილის ცნობით, აღნიშნული რეზინის ტყვიები 2011 წელს იყო შესყიდული, რომელიც 2019 წლამდე არ გამოყენებულა და მისივე თქმით, არავინ იცოდა მისი ეფექტის შესახებ.
"არანაირი დათვის ტყვიები არსებობს ბუნებაში და ეს არის სპეციალური საშუალებები, ჩვეულებრივი და ეს პატარა ე.წ. ყვითელი რაკეტა, რომლითაც ამხელა დაზიანებები მიიღეს მაშინ მოქალაქეებმა, იდეაში ეს არის კაუჩუკის მასალისგან დამზადებული. ამ მასალას, ანუ ამ ტყვიას აქვს უბრალოდ შეკავების ეფექტი. ადამიანს რომ მოხვდეს, თვალში თუ მოხვდა და თავის არეში, ბუნებრივია, დაზიანება გამოიწვიოს, მაგრამ არის ჩვეულებრივი რბილი კაუჩუკი. ესენი მერე აღმოვაჩინეთ ჩვენ, როცა ეს 20 ივნისი მოხდა. ეს ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს და 2011 წლიდან 2019 წლამდე ეს ვაზნები არ გამოყენებულა, არც ვინმემ იცოდა ამ ვაზნების ეფექტის შესახებ.
ანუ ვაზნები გახმა. ანუ ის კაუჩუკის ვაზნა, რომელსაც უნდა ჰქონოდა შეკავების ეფექტი აღმოჩნდა ლეტალური და გამოიწვია ის კატასტროფული შედეგები, რაც მივიღეთ.
გარდა იმისა, რომ ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, თქვენი ჟურნალისტი იყო ბაღაშვილი და უამრავი ადამიანი.
ეს ვაზნები შემდეგ ამოვიღეთ მთლიანად შეიარაღებიდან, მაგრამ მძიმე შედეგი მომხდარი იყო", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.