შაჰინი-რიში: MEGOBARI აქტი ხელს შეუწყობს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში

შაჰინი-რიში: MEGOBARI აქტი ხელს შეუწყობს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში

სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში, MEGOBARI აქტის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული ინიციატივა აშშ-ის ინტერესებს ემსახურება და რეგიონში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს მხარდაჭერის ერთგულნი რჩებიან.

"სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ჩატარებულ პირველ საკანონმდებლო განხილვაზე, რომელიც 11-თვიანი პაუზის შემდეგ გაიმართა, მოხარული ვართ, რომ განვიხილეთ რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს ამერიკელი ხალხის დაცვასა და ამერიკული ინტერესების წინ წაწევას.

BUST FENTANYL-ის აქტით აშშ გამოიყენებს თავის ეკონომიკურ გავლენას ჩინეთის ფინანსური აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ ნარკოტიკების ექსპორტს და ზიანს აყენებენ ჩვენს საზოგადოებებს.

MEGOBARI აქტი კი ხელს შეუწყობს სტაბილურობას საქართველოში და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ მიერ მიღებული ორი რეზოლუცია კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის ერთგულებას ტაივანის მიმართ და დაუპირისპირდება ჩინეთის მცდელობებს, გაანადგუროს ჰონგ კონგის ავტონომია.

როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და უმცირესობის ლიდერი, ერთგულნი ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ კანონპროექტებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების წინსვლისთვის", - წერია განცხადებაში.