შაბათის ფორმულამ კიდევ ერთ ე.წ. ქოლცენტრს მიაკვლია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით, გულიას ქუჩაზე აურა პლაზაში მდებარეობს. შაბათის ფორმულას გადამღები ჯგუფი ე.წ. ქოლცენტრის საქმიანობას რამდენიმე დღის განმავლობაში ფარულად იღებდა.
გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ შედიან შენობაში ახალგაზრდები 15:00 საათზე, როდესაც ევროპის ქვეყნებში 12:00 საათია და როგორ სრულდება მათი სამუშაო დღე - ღამის 00:00 საათზე. შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ეს ე.წ. ქოლცენტრი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს ეკუთვნის.
შაბათის ფორმულამ გადაიღო კადრები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ, შენობის მე-7 და მე-8 სართულზე, რომელიც ორმაგი კარით და მრავალი კამერებითაა დაცული - ხალხი შედის, გამოდის და ამ სართულებზე ნამდვილად საქმიანობდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ობიექტივში გამოძიების ეტაპზე მოხვდნენ. მას შემდეგ, რაც შაბათის ფორმულამ კითხვები დასვა, შენობის მე-7 და მე-8 სართული დაკეტეს, შენობის დირექტორი კი ირწმუნებოდა, რომ იქ არანაირი ოფისი არ იყო.
შაბათის ფორმულას წყარო ჰყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარე შენობის ბოლო ორ სართულზე ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ქოლცენტრი მუშაობს, სადაც 20-მდე ახალგაზრდა თაღლითურ სქემაშია ჩართული. ახალგაზრდების პირველი ნაწილი ოფისთან შუადღის 14:30 საათზე გამოჩნდა, ისინი აურა პლაზაში ჯგუფებად შედიან, კართან ამ დროის განმავლობაში მობილიზებულია დაცვის თანამშრომელი, რომელიც სავარაუდოდ აკონტროლებს, რომ ოფისში უცხო ან საეჭვო პირი არ შევიდეს. ამის შემდეგ აურა პლაზაში დაახლოებით კიდევ 5 ახალგაზრდა მივიდა. ბოლო შემსვლელი ე.წ. ქოლცენტრში პირია, რომელიც ოფისში ზუსტად 15:00 საათზე მივიდა, ანუ ევროპის დროით 12:00 საათზე. ფორმულას ინფორმაციით, სწორედ ამ დროს ხორციელდება პირველი ზარი ე.წ. ქოლცენტრიდან საზღვარგარეთ.
იმისათვის, რომ ქოლცენტრის მუშაობა შეუმჩნეველი დარჩეს, ოფისი მთლიანად დამინულია და პრაქტიკულად შეუძლებელია დანახვა, რა ხდება შიგნით. შენობის სხვა ოფისებში მომუშავეები ჰყვებიან, რომ ე.წ. ქოლცენტრში დასაქმებულებს საკუთარი თავის იდენტიფიცირება სხვებთან არ სურდათ და უცნაურად იქცეოდნენ. ახალგაზრდები პერიოდულად გამოდიან აივანზე და სიგარეტს ეწევიან.
ოთხშაბათს ე.წ. ქოლცენტრმა მუშაობა ღამის 23:00 საათზე დაასრულა. შაბათის ფორმულას კამერამ დააფიქსირა, როგორ ტოვებენ ახალგაზრდები შენობას, სადაც წყაროს ცნობით, ალექსანდრე ჭიკაიძის ე.წ. ქოლცენტრი მუშაობს.
შაბათის ფორმულას გამოძიება მომდევნო დღესაც გრძელდება. ოფისში ჟურნალისტები შედიან და დაცვას ეუბნებიან, რომ თითქოს ამ შენობაში მდებარე სხვა ოფისში არიან გასაუბრებაზე, ჟურნალისტებმა მე-7 და მე-8 სართულებზე მდებარე ე.წ. ქოლცენტრებთან მისვლა მოახერხეს, ფარულად გადაირეს კადრები, როგორ შედიან და გამოდიან ოფისიდან ახალგაზრდები და სავარაუდოდ პირები, რომლებიც უკანონო საქმიანობას კურირებენ. შაბათის ფორმულას ჟურნალისტებმა შენობა მალევე დატოვეს, ადგილზე რამდენიმე საათში გადამღები ჯგუფი მივიდა, თუმცა ე.წ. ქოლცენტრის თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ თაღლითურ სქემაზე ვმუშაობდით და ადგილიდან ყველა მიიმალა, ოფისი კი დაკეტილი დაგხვდა.
უკვე მესამე დღეა ოფისი დაკეტილია, მეშვიდე და მერვე სართულებზე აღარავინ გამოჩენილა, გარედანაც ჩანს, რომ შუქები ჩამქრალია და იქ სავარაუდოდ აღარავინ იმყოფება. უცნობია, მოასწრეს თუ არა ქოლცენტრის თანამშრომლებმა ინვენტარის და კომპიუტერების გატანა, საიდანაც უცხოეთში ზარებს ახორციელებდნენ.
გულუას ქუჩაზე მდებარე აურა პლაზა სულ სამ პირს ეკუთვნის, რომელთაგანაც ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოა განთავსებული, თუმცა უწყების თანამშრომლები გვიყვებიან, რომ ინფორმაცია შენობაში ქოლცენტრის არსებობის შესახებ არ აქვთ. საჯარო რეესტრში განთავსებულ დოკუმენტებში არ არის მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, ვის აქვს ნაქირავები მეშვიდე და მერვე სართულები.
აურა პლაზას დირექტორი უარყოფს, რომ მეშვიდე და მერვე სართულებზე ქოლცენტრი მუშაობს და გვეუბნება, რომ იქ არაფერი ფუნქციონირებს.
ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც საჯარო თანამდებობიდან წასვლის შემდეგ უეცრად გამდიდრდა ფორმულას ზარებს არ პასუხობს. წყარო გვიყვება, რომ ყოფილი მინისტრის გამდიდრება დიდწილად სწორედ ქოლცენრების საქმიანობას უკავშირება. ყოფილი მინისტრისის სახელზე პოსტიდან წასვლისას 4 უძრავი ქონება ფიქსირდებოდა, თუმცა წასვლიდან მალევე მან და მისმა მეუღლემ შეძლეს ქონებების ყიდვა თბილისში, საგურამოში, ბაკურიანში, ბათუმსა და წინანდალში. ჭიკაიძე საჯარო თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახდა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი.