შაბათის ფორმულამ ე.წ. კლანთან დაახლოებული მოსამართლეების დიდძალი ქონება შეისწავლა

შაბათის ფორმულამ ე.წ. კლანთან დაახლოებული მოსამართლეების დიდძალი ქონება შეისწავლა

შაბათის ფორმულა ე.წ. სასამართლო კლანთან დაახლოებული მოსამართლეების დიდძალი ქონების შესწავლას აგრძელებს. ირკვევა, რომ მოსამართლეები იშენებენ ძვირადღირებულ სახლებს თბილისის შემოგარენში, ხოლო მათ დეკლარაციებში მითითებული თანხები ბევრად ნაკლებია დახარჯულზე. დეკლარაციებში აქტიურად ფიგურირებენ მოსამართლეების მშობლები და ნათესავები, ვისაც ისინი დიდი ქონების მიღებას მიაწერენ.

სააპელაციოო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანიამ თბილისთან ახლოს, სოფელ თხინვალში 500 კვადრატული მეტრის სახლის აშენება დეკლარაციის მიხედვით, 90 000 დოლარად შეძლო, თავად მიწა, რომელზეც სახლია აშენებული 1 700 კვადრატულ მეტრს შეადგენს. როგორ შეძლო გასულ წელს მიზერულ თანხად დიდი მშენებლობის დასრულება, მაშინ როდესაც სამშენებლო ბიზნესში ფასები საგრძნობლად იყო გაზრდილი - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოსამართლემ არ ისურვა. თამარ ალანიას დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 14 500 დოლარი დედისგან, მის შვილს კი 40 000 მამიდისგან აქვს მიღებული საჩუქრად.

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც დიდძალ ქონებას ფლობს უზენაეს სასამართლოში მუშაობს. რევაზ ნადარაიას სოფელ დიღომში, 350 კვადრატული მეტრის სახლი აქვს, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, 100 000 დოლარად ააშენა. გარდა ამისა, ნადარაიამ 2014 წელს მიწის საყიდლად ბანკში აღებული სესხი - 30 000 დოლარის ოდენობით, იმავე წელს დაფარა. თავად მოსამართლე ნადარაია ამბობს, რომ ვილის მშენებლობაში მამის ნაჩუქარი ფული გამოიყენა. მისივე თქმით, მამამისმა ბინა გაყიდა გლდანში და თანხაც სწორედ აქედან აქვს. მოსამართლე რევაზ ნადარაიას კარიერული წინსვლა, ისევე როგორც ფინანსური კეთილდღეობა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან იწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძემ 2012 წელს მიწის ნაკვეთი შეიძინა და მასზე ვილის მშენებლობა დაიწყო. ნაყიდი მიწა და დაწყებული მშენებლობა მშვენიერაძის დეკლარაციებში მხოლოდ 2014 წლიდან გამოჩნდა, 2017 წლამდე მოსამართლე არ წერდა არც იმ თანხის ოდენობას, რომელიც მიწაში გადაიხადა. 37 000 ლარად ნაყიდ მიწაზე 300 კვადრატული მეტრის მშენებლობა მოსამართლე მშვენიერაძეს თითქმის დასრულებული აქვს. შენობას აქვს კომერციული ფართიც, მაგრამ მოსამართლე ამაზე საუბარს გაურბის. გარდა ლისის ტბისა, მოსამართლე და მისი მეუღლე თბილისში რამდენიმე ბინას ფლობენ. მიცკევიჩის ქუჩაზე თამარ დოჭვირის საკუთრებაში 139 კვადრატული მეტრის ბინაა, ხოლო ფალიაშვილის ქუჩაზე ვასილ მშვენიერაძეს მშობლებმა საჩუქრად ორი ბინა - ჯამში 130 კვადრატული მეტრის ქონება გადასცეს. გარდა ფალიაშვილის ბინებისა, დეკლარაციაში ვასილ მშვენიერაძე განმარტავს, რომ მშობლებმა ზესტაფონში რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი მიწა დაუტოვეს, მაგრამ რეესტრში ჩანს, რომ მიწა არა მემკვიდრეობით, არამედ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიერთა.

ქართული ოცნება მოსამართლეების ე.წ. კლანთან დაკავშირებით უკვე ერთ თვეზე მეტია საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს, ხმის მიცემის ჩაგდებით ან მასზე არ დასწრებით უშლის. მანამდე კი მოსამართლეების ქონება და მათ მიერ მიღებული საეჭვო გადაწყვეტილებები დაუსაბუთებლად იზრდება.

***

მანამდე შაბათის ფორმულამ არაერთი რეპორტაჟი მოამზადა მოსამართლეების და ე.წ. კლანთან დაკავშირებული პირების დიდძალ ქონებაზე, რომელიც მათ შემოსავალს საგრძნობლად აღემატება.

მაგალითად, შაბათის ფორმულამ ე.წ. სასამართლო კლანის ერთ-ერთი წევრის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის ქონება შეისწავლა. შაბათის ფორმულა ხმაურიან საქმეებში მონაწილე და სასამართლო კლანთან მჭიდრო კავშირში მყოფი მოსამართლის შემოსავლებითა და ქონებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი კოლეგა და მეგობარი მოსამართლეები დაასანქცირა.

8 აპრილს შაბათის ფორმულამ იმ მოსამართლეების ქონების შესახებაც მოამზადა რეპორტაჟი, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. დადგინდა, რომ ე.წ. სასამართლო კლანის წევრების დიდძალი ქონება მათ ოფიციალურ შემოსავალს საგრძნობლად აღემატება. ბინები თბილისის ცენტრალურ უბნებში, აგარაკები დედაქალაქის შემოგარენში, საფეხბურთო და საკალათბურთო მოდნებით, ჩოგბურთის კორტებით, აუზებით, ამერიკული ტექნიკის მაღაზია აიტექნიქსი, ჩინური ქსიაომი, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელი - წილკნის ველებზე - ეს ე.წ. კლანის წევრების ქონების არასრული ჩამონათვალია.