შაბათის ფორმულამ მოიპოვა კადრები, სადაც ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი, ძვირადღირებულ გარიგებაში, მისი ბავშვობის მეგობრის გამარჯვებას აღნიშნავს.
ვიდეოს, სადაც ვოლსკი, მეგობრებთან ერთად ქეიფობს, ბიზნესმენი ამირან მანჯავიძე იღებს და მას სოციალურ ქსელში ავრცელებს. ვიდეო 14 მაისით თარიღდება - სწორედ იმ დღით, როცა ვოლსკის მეგობარმა, საავიაციო ბენზინის შესყიდვაზე სახელმწიფოსთან პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმა.
ამირან მანჯავიძის კომპანია სერვისეირი ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც აუქციონის გარეშე, თითქმის ნახევარი მილიონის ღირებულების ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა. პარლამენტარის მეგობრის კომპანიაში მუშაობს გია ვოლსკის ცოლიც.
შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ მანჯავიძისგან ბენზინი 26 მაისის აღლუმისთვის შეიძინა. თავად ბიზნესმენი ამ ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, არც გია ვოლსკისთან და არც ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან მისი მეგობრობა არ ყოფილა წარმატებული გარიგებების მიზეზი.
ამირან მანჯავიძე ორ ავიაკომპანიას და ერთადერთ კერძო აეროპორტს ფლობს. მისი კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში წლებია მონაწილეობენ.
გამონაკლისი 2017 წელია, როცა სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიებისაგან 10-წლიან გამოცდილებას ითხოვდა. ამ ტენდერში მანჯავიძის სერვისეარმა მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან შავი სიის პრეტენდენტი იყო. მომდევო ტენდერი 2018 წელს მანჯავიძის ახალშექმნილი კომპანია აკერისთვის ხელსაყრელი პირობებით შედგა. პირობა 10-წლიანი გამოცდილების შესახებ, რომელიც აკეარ ჯორჯიას ვერ ექნებოდა, ტენდერის პირობებში აღარ იყო.