შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საქართველოში რუსი ე.წ. კანონიერი ქურდი, ალექსანდრ სევეროვი, იგივე საშა სევერი იმყოფება. მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ აჩერებს საპატრულო ეკიპაჟი მშრალ ხიდზე მოძრავ გელენტვაგენს - სერიით ვორ [ქურდი] - ავტომობილს, სავარაუდოდ, კრიმინალური ავტორიტეტი საშა სევერი მართავს.
კადრებში ასევე ჩანს, პატრულის გვერდით მდგომი ქალი - ადვოკატი ხათუნა ხურცილავა, რომელიც, სავარაუდოდ, თარჯიმნის როლს ასრულებს. შემთხვევა თბილისში, მშრალ ხიდზე 2 დღის წინ, საღამოს საათებში მოხდა.
ავტომობილი რუსული სანომრე ნიშნით ვორ 333 69 პატრულმა მალევე გაუშვა. ფოტო და ვიდეო მასალაში მარტივად გასარჩევი არაა, ვინ მართავს მანქანას, თუმცა კაცი საჭესთან კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურას, საშა სევერს ძალიან ჰგავს.
ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც რუსული სანომრე ნიშნით ვორ 333 69 მანქანას საქართველოს მოქალაქე მართავდა და ის ქვეყანაში 2020 წელს შემოვიდა. რაც შეეხება კრიმინალურ ავტორიტეტს, უწყება სევერის ქვეყანაში შემოსვლას უარყოფს. ამასთან, ინტერნეტში მრავლად მოიძებნება საშა სევერის ფოტოები, რომელიც სწორედ ხსენებულ ავტომობილთან პოზირებს.
შაბათის ფორმულას წყაროს თქმით, მის მიერ მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალაში სწორედ საშა სევერია. ერთ-ერთი ვერსიით, ის საქართველოში ლარსიდან შემოვიდა. წყარო ამბობს, რომ საშა სევერიმ დაბადების დღე - 24 აპრილს თბილისში აღნიშნა.
ალექსანდრ სევეროვი იგივე საშა სევერი ქურდული სამყაროს ლეგენდად მიიჩნევა, რომლის ბიოგრაფიაც გამორჩეულია იმით, რომ კრიმინალების ოჯახში დაიბადა. თაღლითობისთვის დაკავებულმა დედამ, ის ციხეში გააჩინა და იქვე იზრდებოდა.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სევერმა ქვეყნის საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთა და უკვე რამდენიმე თვეა რაც საქართველოში თავისუფლად გადაადგილდება.
შაბათის ფორმულასთან ყოფილი პოლიციელი მალხაზ ჭანკოტაძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში სევერის გარდა სხვა რუსი კრიმინალური ავტორიტეტებიც იმყოფებიან. ამის დასტურად კი ყოფილ პოლიციელს რამდენიმე დღის წინანდელი ფაქტი მოჰყავს, როცა რიკოთზე ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე რუსული სანომრე ნიშნით ვორ BMW-ს მარკის მანქანა შეხვდა.
დატოვა თუ არა სევერმა ქვეყანა, უცნობია. სავარაუდოდ, ის ჯერ კიდევ თბილისშია.