შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კაცი, რომელიც სასჯელს ცოლის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებით იხდის, არასრულწლოვან შვილზეც ძალადობდა. ირკვევა, რომ შევიწროების ბოლო შემთხვევა გლდანის ციხეში მოხდა, როდესაც შვილი მსჯავრდადებული მამის სანახავად ნათესავმა მიიყვანა.
12 წლის მოზარდმა დედას მოუყვა, რომ გარყვნილ ქმედებებს მამა მის მიმართ დაპატიმრებამდეც ჩადიოდა. მოზარდი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 8 წლის იყო, როდესაც მამა იძულებით პორნოგრაფიის შემცველ ვიდეოებს აყურებინებდა, შემდეგ კი სექსუალურად ძალადობდა. გოგონა წლების განმავლობაში შიშის გამო დუმდა. მოზარდმა ყველაფერი მაშინ გაამხილა, როდესაც შეიტყო, რომ მამა ციხიდან, შესაძლოა, ვადაზე ადრე გამოეშვან.
"დამირეკა ადვოკატმა. მითხრა ნახევარზე მეტი გავიდა და მოდი ხელი მოუწერე და გამოუშვიო. ბავშვი ისმენდა საუბარს და ტირილი დაიწყო: არ მინდა მამა ციხიდან გამოვიდეს, ის ცუდად მექცეოდა... მინდა, რომ მაქსიმალურად დაისაჯოს, როგორც ჩემი შვილი დატანჯა ისე დაიტანჯოს თვითონ", - ამბობს მსხვერპლი ქალი.
კაცი ციხეში სასჯელს უკვე 4 წელია იხდის და ე.წ. სამაჯურით გამოსვლის მოლოდინშია. ქალი ჰყვება, რომ წლების წინ მასზე ყოფილმა ქმარმა თბილისის ზღვაზე იძალადა. ის შაბათის ფორმულასთან იხსენებს, რომ მან 3 დღის განმავლობაში, იძულებით თავისუფლება შეუზღუდა და ავტომობილში ჩაკეტა - შემდეგ ცემა და მასზე სექსუალურად იძალადა.
"სახეში გამარტყა, რომ არ დავემორჩილე, ცხოველურად მომექცა, ხელით, რომ შემეხო ყველაფერი მტკიოდა... მირტყამდა და 3 დღე ვიყავით. მეუბნებოდა რომ არ გამიშვებდა და ბოლოს მოტყუებით ვუთხარი, რომ შევრიგდებოდით და ასე დავაღწიე თავი. მივმართე პოლიციას. შეიძლება მოვეკალი", - იხსენებს ქალი.
პატიმარი კაცისთვის ახალი ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე გაგარინის პოლიციიდან, არასრულწლოვანთა დეპარტამენტმა ჩაიბარა.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბავშვმა გამოძიებას დანაშაულის ჩადენის 4 ლოკაცია, საკუთარი საცხოვრებელი სახლი, მამის სოფელი და გლდანის ციხე დაუსახელა. ბებია ადასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მონაწილეობით მამის მშობლიურ სოფელშიც ჩატარდა.
12 წლის მოზარდის საქმეზე სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზები უკვე დანიშნულია. ბავშვის ადვოკატი ამტკიცებს, რომ გლდანის ციხეში მამის მხრიდან გარყვნილი ქმედება იმ ოთახში მოხდა, სადაც გოგონას ბიძას და ძმას ეძინათ.
სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში 20 შემთხვევა იყო 2022 წელს, 2023 წელს კი 10-ით გაიზარდა - 50%-იანი მატება იყო. გარყვნილი ქმედება - 2022 წელს 22 შემთხვევა, 2023 წელს 19.