შაბათის ფორმულა: კანონიერ ქურდებს შორის დაპირისპირებაში ოცნების დეპუტატიც მონაწილეობდა

შაბათის ფორმულა: კანონიერ ქურდებს შორის დაპირისპირებაში ოცნების დეპუტატიც მონაწილეობდა

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქობულეთში ორ ე.წ. კანონიერ ქურდს შორის დაპირისპირება მოხდა, რაშიც ქართული ოცნების ადგილობრივი ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი გოგიტიძეც მონაწილეობდა. საუბარია კანონიერ ქურდ, ნიკაში ცენტერაძეზე [იგივე ნიკუშა ქობულეტსკი] და მინდია გორაძეზე [იგივე ლავასოღლი]. კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება წლებია მიმდინარეობს, ბოლო ფაქტს კი პოლონეთში ე.წ. სხოდკა უძღოდა წინ.

შაბათის ფორმულას წყარო უყვება, რომ მმართველი პარტიის საკრებულოს დეპუტატი, გიორგი გოგიტიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც გასულ კვირას ქობულეთში კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. წყაროს ინფორმაციით, ცენტერაძის ბიძაშვილთან ვახტანგ ცენტერაძესთან კრიმინალური ავტორიტეტის მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის დაჯგუფება შურისძიების მიზნით მივიდა.

ვახტანგ ცენტერაძის დედა ჰყვება, რომ ლავასოღლის დაჯგუფების 10-მდე შეიარაღებული წევრი მათ სახლთან 4 მანქანით მივიდა, ცენტერაძეს მეუღლის და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გაუსწორდნენ. დაპირისპირება აღმაშენებლის გამზირზე, სანაპიროსთან მოხდა - შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის პოლიციელებიც, თუმცა, ვახტანგ ცენტერაძეზე თავდასხმაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუწყია. შაბათის ფორმულას წყაროს ცნობით, ამის მიზეზი დაპირისპირებაში ოცნების დეპუტატის მონაწილეობაა - გიორგი გოგიტიძე მინდია გორაძის მხარეს იკავებდა და შურისძიებაშიც უშუალოდ მონაწილეობდა. დეპუტატი გიორგი გოგიტიძე ფორმულას ზარებს არ პასუხობს.

წყარო გვიყვება, რომ გიორგი გოგიტიძესა და მინდია გორაძესთან, იგივე ლავასოღლისთან შუამავალი ძმები მერაბიშვილები არიან - დავით მერაბიშვილთან, რომელიც მომღერალ მეგი გოგიტიძის ქმარია, ოცნების დეპუტატს ნათელმირონობა აკავშირებს. არსებული ინფორმაციით, ძმები მერაბიშვილები გასულ კვირას კრიმინალურ დაპირისპირებაში გოგიტიძესთან ერთად მონაწილეობდნენ.

კანონიერ ავტორიტეტებს, თორნიკე ცენტერაძესა და მინდია გორაძეს შორის დაპირისპირება წლებია მიმდინარეობს. შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ქობულეთში მომხდარი შურისძიებაა იმ დაპირისპირების გამო მოხდა, რომელსაც ადგილი 1 წლის წინ პოლონეთში ჰქონდა. მაშინ ე.წ სხოდკაზე ცენტერაძის მხარე ლავასოღლისთან დაკავშირებულ 3 პირს ფიზიკურად გაუსწორდა.

კრიმინალურ დაპირისპირებაში ცენტერაძის მხარეს იკავებს ე.წ კანონიერი ქურდი მერაბ ჯანგველაძეც. შაბათის ფორმულას ცნობით, კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის დაპირისპირება იმდენად მწვავეა, რომ ის სისხლიან ანგარიშსწორებაში რამდენჯერმე, მათ შორის თბილისის ცენტრალურ უბანშიც რამდენიმე თვის წინ გადაიზარდა.