შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სოფელ დუისში, რამდენიმე დღის წინ ნახეს კაცი, რომელიც საფრანგეთის უშიშროებამ რადიკალური დაჯგუფების შავ სიაში შეიყვანა. საუბარია იაკობ მოგუშკოვზე, რომლის შვილმაც საფრანგეთში, სკოლის მასწავლებელი მოკლა და კიდევ 2 ადამიანი დაჭრა. დუისელები შაბათის ფორმულას უყვებიან, რომ ტერორიზმში ბრალდებულის მამა 2 დღის წინ, პანკისში იმყოფებოდა და მეცხვარეებთან ერთად, ცხვარში მწყემსად წასვლას ცდილობდა.
ცნობილია რომ იაკობ მოგუშკოვი წლების წინ საფრანგეთიდან ტერორისტულ და რადიკალურ ორგანიზაციებთან კავშირის გამო საქართველოში გამოაძევეს.
იაკობ მოგუშკოვი, რომელიც ფრანგული პრესის ყურადღების ცენტრშია, სავარაუდოდ ერთადერთი კაცია, რომელიც თავდამსხმელის ოჯახიდან ამ დრომდე ვერ დააკავეს. ამასთან, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქართული პოლიცია შუამავლის დახმარებით მოგუშკოვის კვალის პოვნას პანკისი ხეობაში ცდილობს - კერძოდ, მას ზემო აჭარაში, თბილისსა და პანკისის ხეობაში ეძებდნენ. ოფიციალურად უწყებაში ამას არ ადასტურებენ.
პანკისის ხეობაში პატრულირება გაძლიერებულია - ძალოვნები დუისში ყველა ქუჩას აკონტროლებენ, თუმცა პოლიციაში არ ხსნიან, რას უკავშირდება გაძლიერებული ზომები.
მოგუშკოვის ოჯახის ყველა თითქმის წევრი საფრანგეთში უკვე დაკავებულია. დააკავეს მისი ძმა, ბიძა და სხვა ნათესავები, რადგან ბრალდებულს თავდასხმამდე ყველა მათგანთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა. საფრანგეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ტერაქტის დილას მან საქართველოში მყოფ მამასაც დაურეკა.
მოგუშკოვების ოჯახის კიდევ ერთი წევრი და ამავე კოლეჯის მოსწავლე, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით საფრანგეთში ჯერ კიდევ წლების წინ დააკავეს. ბრალდებულის უფროსი ძმა პარიზში საპრეზიდენტო ელისეს სასახლის ირგვლივ შეიარაღებული თავდასხმის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის გაასამართლეს.
ფრანგული მხარე ეჭვობს, რომ 20 წლის ტერორიზმში ბრალდებულმა თავისი ქმედებები სწორედ მამას მიუძღვნა. ასევე, ფრანგი გამომძიებლის ხელშია მუჰამედის შემთხვევამდე, 20 წუთით ადრე ჩაწერილი ვიდეოც. სადაც, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ და ემირს ერთგულება შეფიცა.