შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საქართველოში სანქცირებული რუსული დიზელი შემომაქვთ და პროცესს ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი ლობირებს.
გარდა ამისა, შაბათის ფორმულამ ჩაატარა ექსპერიმენტი და სამი ბენზინგასამართი სადგურის საწვავი შეამოწმა, მათ შორის ბიპის საწვავი - დიზელის ხარისხი, განბაჟების სტანდარტებსაც კი არ აკმაყოფილებს. 3 ბენზინგასამართი სადგურიდან აღებული ნიმუშები 2 ისეთ კომპონენტზე შემოწმდა, რისი დარღვევაც ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. 3-დან 2-ის შედეგი ნორმებს მკვეთრად აღემატება. ყველაზე საშიში მაჩვენებელი კი კომპანია ბიპის ნიმუშმა აჩვენა, სადაც დიზელში გოგირდის შემცველობა კილოგრამზე 10 მილიგრამის ნაცვლად, 121-ია. დახურულ სივრცეში აფეთქების ტემპერატურა კი 55-ზე მეტის ნაცვლად, 12 გრადუსი - რაც იმას ნიშნავს, რომ საწვავი დიდი ალბათობით სხვა ნივთიერებებით არის გაზავებული. საწვავი, რომელშიც გოგირდის შემცველობა დარღვეულია, განსაკუთრებით საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვისაა. გამონაბოლქვი უამრავ მათ შორის ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს და გარემოს აბინძურებს.
შაბათის ფორმულამ მოიპოვა იმ რუსული საწვავის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომელიც საბოლოოდ დედაქალაქის სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურებში ხვდება. გოგირდის შემცველობის მაჩვენებელი ამ შემთხვევაში დასაშვებ ნორმას 200-ჯერ აღემატება. მოპოვებული კიდევ ერთი დოკუმენტით დასტურდება, რომ დიდი რაოდენობით სხვადასხვა წარმოების რუსული დიზელი, სწორედ ივანიშვილის ზდ ოილში ინახება.
თავად ალექსანდრე ივანიშვილი ნავთობკომპანია ზდ ოილთან კავშირს უარყოფს, თუმცა შაბათის ფორმულამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ზდ ოილის ერთ-ერთ მფლობელს, დავით კაპანაძეს და ალექსანდრე ივანიშვილს საერთო ბიზნესი აქვთ - შპს ეფ ენდ კომპანი. დავით კაპანაძე და ზდ ოილის დირექტორი, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველებიც არიან. ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ სწორედ ნავთობკომპანია ზდ ოილი ამარაგებს თბილისში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილს უხარისხო, რუსული დიზელით.
მანამდე, 25 მარტს შაბათის ფორმულამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც გაირკვა, რომ საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი შემოაქვთ და ეს რკინიგზით ხდება. საბუთებით დადგინდა, რომ ნავთობის შემოტანას ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი განაგებს. გარდა ამისა, შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა თბილისის მახარისხებელ სადგურში სანქცირებული საწვავით დატვირთული მატარებელიც გადაიღო. კერძოდ, მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით გაირკვა, რომ 2023 წლის თებერვლიდან დაწყებული საქართველოში ყოველდღიურად ათეულობით ტონა რუსული სანქცირებული ნავთობი შემოდის. ერთ-ერთი შემსყიდველი კომპანია ზდ ოილია, რომელსაც ოლიგარქის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი კურირებს.