რუსეთის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ოთხშაბათს საღამოს მას ჩინეთის დელეგაციაც შეუერთდება.
ისინი კორეის ომის დასრულების 70 წლისთავს დაესწრებიან, რომელიც ფხენიანში, როგორც წესი, დიდი სამხედრო აღლუმით აღინიშნება.
ეს პირველი ვიზიტებია ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრები ჩაკეტა. ჩრდილოეთ კორეამ 2020 წლის დასაწყისში ქვეყანა ჩაკეტა ყველა სავაჭრო და დიპლომატიური კავშირისგან, მათ შორის რუსეთთან და ჩინეთთან, რომლებიც მისი მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორები არიან. მათ შეწყვიტეს ისეთი აუცილებელი საქონლის იმპორტიც კი, როგორიცაა საკვები და მედიკამენტები.
BBC წერს, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, "გამარჯვების დღის" აღსანიშნავ აღლუმში ჩინელი და რუსი წარმომადგენლების ჩართვა Covid-ის შეზღუდვების შესაძლო შესუსტებაზე მიანიშნებს.
სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში სამშაბათს, გვიან ღამით ჩაფრინდა, სადაც მას ფხენიანის აეროპორტში თბილად დახვდნენ. მან ჯარისკაცებსა და წითელ ბანერს ჩაუარა, რომელზეც კორეულად და რუსულად ეწერა: "მოგესალმებით, ამხანაგო თავდაცვის მინისტრო რუსეთის ფედერაციისა, სერგეი შოიგუ!"
ჩინეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს ლი ჰონჯონგი, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური პოლიტიკის შემუშავების კომიტეტში შედის.
ჩინეთისა და რუსეთის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში იმის ფონზე მიმდინარეობს, რომ აშშ-ის სამივე ქვეყანასთან ურთიერთობა სულ უფრო ეძაბება.