აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე, სენატორები ჯიმ რიში და ბენ კარდინი, ასევე კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და წევრი ჯინ შაჰინი და პიტ რიკეტსი საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ.
განცხადებაში სენატორები ამბობენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელს ეკა გიგაურს ხელისუფლება სენატში გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადების გამო "სჯის".
ასევე აღნიშნავენ, რომ ანტიკორუფციულის განცხადება დასტურია, რომ "ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს, რათა დასაჯონ დამოუკიდებელი ხმები".
"შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა და აირჩიე ევროპას მიენიჭოს "საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების" სტატუსი. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ამზადებენ სადამკვირვებლო მისიებს საქართველოს მოახლოებული არჩევნებისთვის, მაგრამ არ არიან მონაწილეები საარჩევნო ბრძოლის. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას, მიუხედავად იმისა, თუ ვის აძლევს ხმას ხალხი.
არაკეთილსინდისიერია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორს ეკა გიგაურს სჯიან მისი ბოლოდროინდელი ჩვენების გამო, რომელიც მან გააკეთა 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე, სახელწოდებით - "არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები". გუშინდელი განცხადება მის შესახებ ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს, რათა დასაჯონ დამოუკიდებელი ხმები", - ნათქვამია განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.