სენაკში, საქართველოს ბანკში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ვერსიით, 26 იანვარს დანით შეიარაღებული ბრალდებული თავს დაესხა სენაკში მდებარე საქართველოს ბანკის თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ. უწყების თქმით, თავდამსხმელი დანის დემონსტრირებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 900 ევროს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.