სემეკმა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 75 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, დაჯარიმების საფუძველს სალიცენზიო პირობების დარღვევა წარმოადგენს.
მიმდინარე წლის 20 მარტს, თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სემეკს მომართა წერილით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოსიაურის ქუჩაზე, 2022 წლის 8 აპრილს წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები.
"ჩუღურეთის გამგეობის წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაუყოვნებლივი კომუნიკაციისა, პრობლემა არ აღმოიფხვრა. წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ოსიაურის ქუჩაზე სამუშაოების განხორციელების მიზნით 2022 წელს ჩატარდა 8 ტენდერი, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეთა მიერ ნორმირებულზე მაღალი ფასების დასახელება", - აცხადებენ მარეგულირებელში.
სემეკის შეფასებით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, რამაც გამოიწვია ოსიაურის ქუჩაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.