საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, რომ ათონელის ქუჩაზე ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირდაპირ ეთერში არ გაუშვეს, რადგან "პრეზიდენტის ადმინისტრაციას მათთვის არ მიუმართავს".
"თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 9 მაისს გამართული ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არ მოუმართავს, რაც აუცილებლად ითვალისწინებს ქრონომეტრაჟის, გამომსვლელების რაოდენობის, მათი თანმიმდევრობის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, რის გარეშეც ეთერში პროგრამის დაგეგმვა ან მასში ცვლილებების განხორციელება და ტექნიკური მომზადება შეუძლებელია", - ამბობენ ტელევიზიაში.
მათი მტკიცებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების სურვილის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერს ტელეფონით აცნობა ღონისძიების დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე, თუმცა, მათი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არც მაშინ მიაწოდა ზუსტი ინფორმაცია ქრონომეტრაჟის, კონკრეტული ეპიზოდის (ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვა) დროის შესახებ.
"პირდაპირი ტრანსლირება მოითხოვს სათანადო მომზადებას და ამის ასეთ მოკლე დროში ორგანიზება სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს, რაც თავისთავად შეუძლებლად ხდიდა მიმდინარე პროგრამირებაში ცვლილების შეტანას. აღნიშნული მიზეზების გამო პრეზიდენტის მიმართვა პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა, თუმცა, სრულად იქნა გაშუქებული საინფორმაციო გამოშვებაში", - ამტკიცებენ საზოგადოებრივში.
ისინი აქვეყნებენ ჩამონათვალს, როგორ და რა ფორმით გააშუქეს ზურაბიშვილის ორგანიზებული ღონისძიება.
"აღვნიშნავთ იმასაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიუღებელია ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე განხორციელებული ზარის საფუძველზე ეთერში მიმდინარე პროგრამირების შეწყვეტის პრეცედენტის შექმნა. ამგვარი პრაქტიკა გამოიყენება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობისა და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, "უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საჯაროდ გაჟღერებული უაღრესად მძიმე ბრალდება, თითქოს იგი ჯეროვნად ვერ ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებას ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, რასაც არანაირი საფუძველი და დასაბუთება არ გააჩნია და რაც მიზნად ისახავს მაუწყებლის დისკრედიტაციას".
"მაშინ, როცა პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობის დაცვას და მხარდაჭერას უნდა მოველოდეთ, გვრჩება განცდა, რომ ხელოვნურად და მიზანმიმართულად ხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობა", - წერია განცხადებაში.
გუშინ, 10 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ საზოგადოებრივმა ღონისძიება პირდაპირ ეთერში არ გადასცა, მეტიც, გააშუქა საინფორმაციო გამოშვების ბოლოსკენ, "რეგულაციები პარაპლანით ფრენაზე" სიუჟეტის შემდეგ.
"საზეიმო კონცერტის დაწყებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სთხოვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიების დასაწყისის (რამდენიმე წუთი) პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია. თხოვნის მიუხედავად, ღონისძიების შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებლზე არა პირდაპირ ეთერში (21:00 საათზე), არამედ საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში 21:27 საათზე, მათ შორის "რეგულაციები პარაპლანით ფრენაზე" სიუჟეტის შემდეგ გაკეთდა.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა ეს ვალდებულება, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას, რაც განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა დღეს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის", - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.