სასტუმრო "ამბასადორში" ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სასტუმრო "ამბასადორში" ხანძარი ლოკალიზებულია.
მათი განცხადებით, დაშავებულებზე ინფორმაცია არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტო "ამბასადორთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ცეცხლი 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე გაჩნდა.
"თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე.
ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ."- წერია განცხადებაში.
სასტუმრო "ამბასადორი" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ "დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია."
"დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი.
სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება.
მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია."- წერია განცხადებაში.