აშშ-ის სასამართლომ დონალდ ტრამპი ჟურნალისტის, მწერლისა და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველის ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სასამართლომ არ დაადგინა, რომ ტრამპმა ჟურნალისტი გააუპატიურა.
CNN-ის ცნობით, მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს კეროლის მიერ შეტანილი სარჩელის ცილისწამებაში.
"მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ დონალდ ტრამპმა სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა ე.ჯინ კეროლს 1996 წლის გაზაფხულზე", - წერს გამოცემა.
მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამ საქმის გამო დონალდ ტრამპს დაკავება არ ემუქრება, რადგან ჟურნალისტი მხოლოდ ფინანსურ ანაზღაურებას ითხოვდა.
ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველი ელიზაბეთ ჯინ კეროლი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა.
როგორც სასამართლო პროცესზე კეროლმა აღნიშნა, შემთხვევა მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, 1996 წელს მოხდა. ჟურნალისტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შეხვედრა თავდაპირველად ფლირტით დაიწყო, ტრამპმა მას საჩუქრის არჩევაში დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც მაღაზიის გამოსაცვლელში შეყვა და კეროლის თქმით, გააუპატიურა.
თავად დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ ისინი გამოგონილია.