
სასამართლომ ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
საუბარია მზია ამაღლობელის ადვოკატების - მაია მწარიაშვილის, ჯუმბერ ქათამაძისა და რაჟდენ ხიმშიაშვილის სარჩელზე. სარჩელი ეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, უკანონოა. კერძოდ, 13 თებერვალს ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს, თუმცა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 14 თებერვალს ის დაუშვებლად ცნო.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – "იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე". მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს - ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით, დაცვის მხარემ მისი გათავისუფლების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი შეიტანა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 19 თებერვალს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.