სასამართლომ, კრიტიკული მედიები ოცნების პროპაგანდისტული ვიდეოს არგაშვების გამო, დააჯარიმა

სასამართლომ, კრიტიკული მედიები ოცნების პროპაგანდისტული ვიდეოს არგაშვების გამო, დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კრიტიკული მედიები - ფორმულა, მთავარი არხი და ტვ პირველი, ქართული ოცნების პროპაგანდისტული ვიდეორგოლის არგაშვების გამო 5 000 - 5 000 ლარით დააჯარიმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე დაკმაყოფილდა კომუნიკაციების კომისიის შუამდგომლობა გადაწყვეყილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე კრიტიკულ მედიას პოლიტიკური რეკლამის ეთერში დაუყოვნებელი განთავსება დაევალა.

***

9 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნების სარჩელი დააკმაყოფილა და მთავარი არხი, ტელეკომპანია პირველი და ფორმულა სამართალდამრღვევებად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. სამივე ტელეკომპანია ქართული ოცნების არაეთიკური პოლიტიკური რგოლის განთავსებაზე უარს ამბობს.

5 ოქტომბერს, ფორმულამ, მთავარმა არხმა და ტვ პირველმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი".

სამივე ტელეკომპანიამ კომისიას საპასუხო წერილები წარუდგინეს, სადაც რგოლის განუთავსებლობის მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.

ქართულმა ოცნებამ პროპაგანდისტული ვიდეორგოლი დაამზადა, რომელშიც უკრაინელი ხალხის ტრაგედია არის ნაჩვენები - ის არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას. ვიდეორგოლი იმავე შინაარსის არის რაც 26 სექტემბერს ქუჩაში გამოჩენილი ბანერები, რომლებზეც ასახულია უკრაინის დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა".