სასამართლომ 400-ლარიანი ჯებირების საქმეზე სხდომა ისევ გადადო

სასამართლომ 400-ლარიანი ჯებირების საქმეზე სხდომა ისევ გადადო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 400-ლარიანი დროებითი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის დასკვნითი სხდომა გადაიდო. ისინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ საქმე მიზანმიმართულად ჭიანურდება.

სხდომა 13:00 საათზე უნდა გამართულიყო, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარეებს თავიანთი დასკვნითი სიტყვები უნდა წარედგინათ. თუმცა სხდომამდე ცოტა ხნით ადრე დაცვის მხარემ გაიგო, რომ სხდომა გადაიდო, რისი საფუძველიც პროკურატურის შუამდგომლობა გახდა.

"პროცესი უნდა შემდგარიყო დღეს. დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა პროკურორს, დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა დაცვის მხარეს, დასრულებულიყო და გასულიყო მოსამართლე სათათბირო ოთახში. რატომ გადაიდო პროცესი, ამას ვერ გეტყვით. ეს არის გაკეთებული იმისათვის, თითიდან გამოწოვილი პრობლემა, რომ არ მოხდეს ამ კონკრეტული ბავშვების შეწყალება", - თქვა ადვოკატმა.

ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. პროკურატურა მათ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავება.

19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.