სასამართლომ 12 წლის ანას საქმეზე ბრალდებულ ექსპერტს გირაო შეუფარდა

სასამართლომ 12 წლის ანას საქმეზე ბრალდებულ ექსპერტს გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმეში ბრალდებულს, დავით გრიგოლიას, რომელსაც ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით 2500 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ამასთანავე, მოსამართლემ სრულიად დააკმაყოფილა პროკურატურის მეორე შუამდგომლობა და დავით გრიგოლია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ცნობილია, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

გოგოს ოჯახის ინტერესებს ორგანიზაცია უფლებები საქართველო იცავს.

5 ივლისს ორგანიზაციის იურისტებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.

გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.