ორგანიზაცია საფარის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის გაუპატიურების საქმეში პოლიციამ გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი გამოიჩინა. გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის იურისტებმა განაცხადეს, რომ პოლიციელებმა დისკრიმინაციული მიდგომაც გამოავლინეს.
საფარში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალზე თბილისში 8 ივლისს იძალადეს, სავარაუდოდ, მოძალადე არ ყოფილა მხოლოდ ერთი კაცი. მათივე თქმით, შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"მოძალადეებმა მას წინასწარი განზრახვით, მცირე ოდენობის სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს. ქალის მეგობარმა, რომელიც, ამავდროულად გაუპატიურების ფაქტის შემსწრეა, პოლიცია ადგილზევე გამოიძახა", - განაცხადეს საფარში და დასძინეს, რომ გამოძიება რამდენიმე დღის დაგვიანებით, მათი ჩართულობის შემდეგ დაიწყო.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პოლიციამ კლინიკას, სადაც ქალი გადაიყვანეს, არ შეატყობინა, რომ პაციენტი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი იყო, რის გამოც ქალი ისე გამოწერეს, რომ არ დაუთვალიერეს სხეული ძალადობის კვალის აღმოსაჩენად, არ აუღეს ბიოლოგიური მასალა შესაბამისი ექსპერტიზისთვის და ა.შ. ქალს ექსპერტიზა საფარის ჩართულობის შემდეგ ჩაუტარდა.
"თუმცა, პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. მაგ. ქალის ტანსაცმელი ამოიღეს დაგვიანებით; არ გამოკითხულან სავარაუდო მოძალადეები, არ ამოღებულა მათი ტანსაცმელი და ჭურჭელი, საიდანაც ქალს, სავარაუდოდ, მოწამლული სასმელი დაალევინეს; პოლიციამ არ შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი და ყველა მტკიცებულება, რაც ადგილზე შეიძლება ყოფილიყო, გადაითელა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, ქალის ყვება, რომ პოლიციელებს მის მიმართ ცინიკური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჰქონდათ. საფარში განსაკუთრებით ვაკე-საბურთალოს მე-4 განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილის არაპროფესიონალურ ქცევაზე საუბრობენ:
"ის ქალის ტელეფონში ათვალიერებდა მის ფოტოალბომს, რითაც, თითქოს, ქალის ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. ასევე, ქალს არწმუნებდა, რომ თუ ვერ დაამტკიცებდა გაუპატიურების ფაქტს, შესაძლოა, თავად ის დაეკავებინათ".
საფარი ითხოვს, საქმე გამოსაძიებლად თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცეს, დაიკითხოს ყველა მოწმე, ამოიღონ ყველა მტკიცებულება, რისი ამოღებაც ამ დრომდე შესაძლებელია და ჩატარდეს ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის. გარდა ამისა, საფარმა უკვე შეტანა საჩივარი საქმეში ჩართული პოლიციელების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების ფაქტზე და ითხოვს მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.