საპროტესტო მსვლელობა ცესკოდან - პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს

საპროტესტო მსვლელობა ცესკოდან - პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა მოაწყვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა.

როგორც ცნობილია, პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს.

დღეს, ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაარტყეს. დღეიდან იწყება 10-დღიანი პერიოდის ათვლა, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.

"შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, დასრულებულია საარჩევნო პერიოდი", - თქვა კალანდარიშვილმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 11:00 საათზე დაიწყო. სხდომაზე კომისიის ოპოზიციური წევრის, დავით კირთაძის სიტყვით გამოსვლას კი დაპირისპირება მოჰყვა. კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.