Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი უკრაინის მიერ მისი და ავიაკომპანიის დასანქცირებას "აბსურდს და უსამართლობას" უწოდებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება "არ გაჰკვირვებია".
ის ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებს ადანაშაულებს ვოლოდიმირ ზელენსკის "შეცდომაში შეყვანაში" და აცხადებს, რომ ისინი "ხელისუფლების დასამხობად" ყველაფერზე მიდიან. მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
"უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. მე საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ის ორკესტრირებული ტაშ-ფანდურა მიკვირს, რომლითაც ისინი ქართული ეროვნული კომპანიებისთვის გარედან თითის ქნევას ეგებებიან. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლა უკიდურესად რადიკალურ ფორმებს იძენს. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და თვითონ აღმოჩნდნენ ქვეყნის სათავეში.
თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა. ყველაფერ ამას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაზე სამთავრობო ხელშეკრულება არეგულირებს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპანია, ვალდებული ვართ შევასრულოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს", - აცხადებს გაიაშვილი.
გაიაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ სანქციების შესახებ უკრაინის ხელისუფლების "უსამართლო" გადაწყვეტილებას "სარკისებური" პასუხი მოჰყვება.
"ჩვენ ოცდაათი წელიწადია, კეთილსინდისიერად ვემსახურებით ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას. დასასრულ, იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება", - წერს ის.
უკრაინამ ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. ახალი პაკეტი მოიცავს პერსონალურ სანქციებს Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგაც.
თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, Georgian Airways იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.
პირველ ივნისს უკრაინამ Georgian Airways და თამაზ გაიაშვილი დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. ამავე სიაში, ასევე, შეყვანილია პუტინისტი ვალერი კვარაცხელიას შვილის დავით კვარაცხელიას კომპანია, რომელიც რუსულ ავიაკომპანიას მომსახურებას უწევს.