სანდუ: მოლდოვამ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა

სანდუ: მოლდოვამ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა

მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყანაში არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანამ, როგორც დღეს, ისე ბოლო თვეებში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა.

მისი თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფები უცხოურ ძალებთან გაერთიანდნენ, რათა ქვეყანას ტყუილითა და პროპაგანდით შეეტიათ.

"ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები 300 000 ხმის ყიდვას აპირებდნენ, რაც უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობაა. მათი მიზანი, დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა, საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გავრცელებაა. არ შევწყვეტთ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - აღნიშნა სანდუმ.

***

მოლდოვაში კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება. პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ტურში ალექსანდრე სტოიანოგლოსთან ერთად გავა.

როგორც ცნობილია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 98% დაამუშავა - ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ხმების 42% მოიპოვა, ხოლო ყოფილმა სტოიანოგლომ - 26%-ზე მეტი.

იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ამომრჩევლებს უნდა დაეფიქსირებინათ, სურთ თუ არა ქვეყნის ევროპაში ინტეგრაცია. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ოქმების 98,3%-ია დამუშავებული.

ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეების 50,07%-მა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა, 49,93%-მა კი ცვლილების განხორციელების წინააღმდეგ მისცა ხმა.