სამტრედია-გრიგოლეთში მშენებარე ხიდის სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა - გზების დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთში მშენებარე ხიდის სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა - გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ექსპერტიზით დადგინდა, რომ სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულდა.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობდა ექსპერტიზა, რომელსაც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ატარებდა.

"ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.

ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უმოკლეს ვადაში გამოაცხადებს პროექტირება-მშენებლობის ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება დამატებითი საპროექტო კვლევები, მომზადდება ხიდის შესაბამისი საინჟინრო პროექტი და ჩატარდება საჭირო სამუშაოები

იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით

სამტრედია-გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა"- ნათქვამია განცხადებაში.