ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ "წარმოუდგენელია, კონფერენციაში მონაწილეობის გამო, რომელიც EU-ის სახელმწიფოში ტარდება, ქართულმა ოცნებამ რაიმე სანქცია მიიღოს".
ამით სამხარაძე ევროპელი სოციალისტების პარტიის განცხადებას გამოეხმაურა. მათ დაგმეს ღარიბაშვილის მიერ მონაწილეობის მიღება უნგრეთში, კონსერვატიულ კონფერენციაზე. მათი თქმით, PES-ის მომავალ სხდომაზე ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ.
სამხარაძე ამბობს, რომ "თუ პარტნიორი კონფერენციაზე მონაწილეობას უკრძალავს, განიხილავენ, ღირს თუ არა ასეთ ჯგუფში დარჩენა".
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია განხილვის შესახებ, თუმცა ჩვენთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ კონფერენციაში მონაწილეობა, თან იმ კონფერენციაში, რომელიც ტარდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, რომელშიც თავის დროზე გამოდიოდნენ რეიგანი, ბუში და ა.შ ამ კონფერენციაში მონაწილეობისთვის პარტიას, რომელიც არის დამკვირვებელი ევროპის სოციალისტებში, რაიმე სანქცია მიიღოს. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება ალბათ ახსნა-განმარტება, თუ ასეთი მიუღებელია იმ კონფერენციაში მონაწილეობა, მაშინ საერთოდ უნგრეთის ადგილი ევროკავშირში როგორ არის? ეს ხომ ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყანაა და ამ ქვეყანაში, საქართველოს პრემიერმინისტრი ჩადის ოფიციალური ვიზიტით და ამ ოფიციალური ვიზიტისას მას აქვს შეხვედრა უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აქვს ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბარი, აქვს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე საუბარი და თუ ამის გამო შეიძლება ვინმემ რაღაც სანქცია დაგვადოს, ეს ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია. თუ რა თქმა უნდა, კითხვები აქვთ, კი ბატონო.
ეს ყველაფერი გამოწვეული იყო კონფერენციაზე მონაწილეობით, შესაბამისად, კონფერენციაზე მონაწილეობა ვერ ან არ უნდა იყოს რაიმე ასეთი სანქციის განმაპირობებელი. თუ ეს ასეა და მართლა მარტო კონფერენციაზე მონაწილეობაა, მაშინ არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა ასეთ ჯგუფში დარჩენა, თუ კონფერენციაზე მონაწილეობას გიკრძალავს შენივე პოლიტიკური ჯგუფი... თუ ეს მართლა ამის საფუძველია, მაშინ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ მათთან ამ საკითხზე და ჩვენ თვითონაც დავაყენებთ ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ", - განაცხადა სამხარაძემ.
ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) უნგრეთში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის მიღებას გმობს.
PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთი პირიმ თქვა, რომ ღარიბაშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანების ღირებულებებს. მისივე თქმით, PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც "აუცილებელი ნაბიჯია".
ღარიბაშვილი უნგრეთში იმყოფებოდა, სადაც კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.
ღარიბაშვილმა ისაუბრა ორბანზეც: "უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია".