ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს სამიტზე მიწვევა გაუგზავნა, სადაც კომპრომისის აუცილებლობასა და გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს. მიშელის თქმით, სწორი არჩევანი ერთობლივ ძალასა და მონდომებას მოითხოვს.
"2022 წლის 24 თებერვალი ევროპის ისტორიისთვის შემობრუნების წერტილად იქცა. კონტინენტზე ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად და პარალელურად, ევროპის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად არაერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ. 21 თვის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვდგავართ თამამი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის პირისპირ - სწორი არჩევანი მოითხოვს ჩვენს კოლექტიურ ძალასა და მონდომებას, ასევე, სითამამეს.
ჩვენ უკრაინის მიმართ ჩვენი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ და გავაგრძელოთ სანდო, ძლიერ პარტნიორად ყოფნა. უკრაინას უნდა მივაწოდოთ მუდმივი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარება - ასევე, უნდა შევთანხმდეთ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე, რითაც მას აუცილებელ სიგნალს გავუგზავნით და მეტად დავაახლოებთ ჩვენს ევროპულ ოჯახთან.
ასევე, სხვა ასპირანტი წევრების მიმართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. პარალელურად, ვიმუშაოთ, რათა ჩვენი კავშირი მომავლისთვის შესაფერისი იყოს და მზად იყოს ახალი წევრების მისაღებად.
[...] წინ გადამწყვეტი ევროპული საბჭო გველის. ახლა გადაწყვეტილებების მიღების დროა - მოგიწოდებთ, სამიტზე მობრძანდით კომპრომისული სულისკვეთებით, პასუხისმგებლობის გრძნობით, ევროკავშირის ღირებულებებით", - აღნიშნულია მიშელის წერილში.
ევროკავშირის სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება, რომელზეც მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდება.