სამადაშვილის თქმით, ოცნების წევრების ვიზიტები ევროპაში "სრული პოლიტიკური კრახია"

სამადაშვილის თქმით, ოცნების წევრების ვიზიტები ევროპაში "სრული პოლიტიკური კრახია"

ლელო - საქართველოსთვის წევრი სალომე სამადაშვილი ქართული ოცნების წევრების ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში "სრულ პოლიტიკურ კრახს" უწოდებს.

სამადაშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საჭიროდაც არ ჩათვალა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა, რადგან, "პოზიტიური სათქმელი არაფერი ჰქონდა".

"ამ ვიზიტების შედეგი შეიძლება ჩვენ აღვწეროთ მხოლოდ ერთი სიტყვით - სრული პოლიტიკური კრახი. განცხადება უნდა ყოფილიყო, რომ, რა თქმა უნდა, საქართველომ დიდწილად შეასრულა ყველა მოთხოვნა, ამიტომ მოლოდინი აქვთ პოზიტიური, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ნაცვლად ამისა, მივიღეთ შეფასებები, რომ ბურთი საქართველოს ხელისუფლების მოედანზეა, დღემდე შეუსრულებელი რჩება ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნები, რაც უკავშირდება კანონის უზენაესობას, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას და ა.შ. მეტიც, ვნახეთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა პრემიერმინისტრთან, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, პოზიტიური სათქმელი მას არაფერი არ ჰქონდა", - ამბობს სამადაშვილი.

გუშინ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია არ გაიმართა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ღარიბაშვილთან შეხვედრა Twitter-ზე შეაჯამა. მან დაწერა, რომ მან პრემიერმინისტრთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება სასამართლო სისტემის რეფორმაზე გაამახვილა. ასევე, მან ღარიბაშვილს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე მიუთითა.

NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. სტოლტენბერგის თქმით, "ქართველმა ხალხმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მათ მისწრაფებას, რომ ჰქონდეთ დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ რეგიონში".

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტით ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.