დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამიანის ღირსების "განადგურება მისი პირადი ცხოვრების სპეკულაციებით" სცადა. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
"ეს არის მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ ცდილობ ადამიანის ღირსება გაანადგურო მისი პირადი ცხოვრების სპეკულაციებით. ეს გააკეთა ბერაიამ გუშინ, პირდაპირ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას. ამიტომ ერთადერთი ადეკვატური რეაგირება იქნება, გადაეცეს მისი საქმე პარლამენტის ეთიკის საბჭოს და შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარეობა", - აღნიშნა სამადაშვილმა.
ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო დღეს პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის წევრები განმარტებებს მოითხოვდნენ. სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის.
რამდენიმე ოპოზიციონერმა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ირაკლი ბერაიას გადაყენებაც მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ნათლად თქვა, რომ ეს არ მოხდებოდა.
იმ პერიოდის განმავლობაში კი, როცა დეპუტატები ბერაიას სიტყვების გამო კამათობდნენ, თვითონ კომიტეტის თავმჯდომარეს მიკროფონის ჩართვა არ მოუთხოვია და განმარტებები არ გაუკეთებია.
***
31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძქალა" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". გამოსვლის ბოლოს კი ბერაიამ თქვა, რომ აქუბარდიამ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".
მოგვიანებით ბერაიამ განაცხადა, "ბოდიშს იხდის", თუმცა აქვე დასძინა, რომ "წითელ ხაზებზე", რომელსაც არ შეეგუებიან. ამასთან, ის თავისი გამოსვლის გამართლებას იმით ცდილობდა, რომ ის აქუბარდიას განცხადებების "სიმძიმიდან გამომდინარეობდა".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.