ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი უარს ამბობს ქალების გათავისუფლებაზე, რაც მისი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო.
"ინტენსიურ სატელეფონო საუბრებს ვაწარმოებთ პარტნიორებთან და ჩართული ვართ უწყვეტ დისკუსიებში. ვცდილობთ, მოვძებნოთ გზა, როგორ ვიმოქმედოთ მძევლებთან დაკავშირებით. ჰამასი უარს ამბობს ქალების გათავისუფლებაზე, რაც შეთანხმების ნაწილი იყო. მისმა უარმა გამოიწვია შეთანხმების და ზავის დასრულებაც", - ამბობს სალივანი.
დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება დაპირისპირებულ მხარეებს შორის 23 ნოემბერს ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.