არასამთავრობო ორგანიზაციები 7-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
NGO-ები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პარალელურად, შსს-ის თანამშრომლებმა დემონსტრანტები მასობრივად უკანონოდ დააკავეს.
მათი ცნობით, შსს-მ დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კი კვლავ დღის წესრიგშია. საქმეთა განხილვა ამ დრომდე არ არის დასრულებული.
NGO-ების შეფასებით, საქმეების განხილვა პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს - უმეტესად, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე უკავშირდებიან და აწვდიან ამ ინფორმაციას.
"გარდა იმისა, რომ კრიტიკას იმსახურებს სასამართლოს მიერ ამ დრომდე დაუსაბუთებლად მიღებული დადგენილებები და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ჯარიმების შეფარდება, პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს ერთი მხრივ, სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა.
უმეტესად, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწვდიან ამ ინფორმაციას. აღნიშნულ საქმეებს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მორიგე მოსამართლე განიხილავს, რომლის ვინაობაც ხშირად უცნობია და მისი ვინაობის გაგების შემდეგაც კი შეუძლებელია სასამართლოს შემადგენლობისგან პროცესის გამართვის დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.
ამ პირობებში, ორგანიზაციების ადვოკატებს, რომლებიც ჩართულები არიან დაკავებული პირების უფლებების დაცვაში, დილიდან გვიან ღამემდე, სამუშაო პირობებისა და სივრცის არარსებობის ფონზე, უწევთ სასამართლოში უშედეგოდ ლოდინი ზოგჯერ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი მთელი დღის განმავლობაში, რაც სრულიად გაუმართლებელია. ამ პირობებში შეუძლებელია მარწმუნებლის ეფექტიანი დაცვა, ასევე მოწმეთა და სხვა ტიპის მტკიცებულებების დროულად მოძიება და სასამართლოში წარდგენა", - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ გარემოებების გამოც, რომ "ხშირად, მთელი დღის განმავლობაში მომლოდინე პირების და მათი ადვოკატების პროცესების სხვა დროისთვის გადადება ხდება, თუმცა, ამაზე სასამართლო მხარეებს ინფორმაციას მხოლოდ მთელი დღის ლოდინის შემდეგ, გვიან ღამით აწვდის".
აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
და მოუწოდებენ სასამართლოს:
ხელმომწერი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); უფლებები საქართველო; ღია საზოგადოების ფონდი; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); სოციალური სამართლიანობის ცენტრი
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.