ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკის გამეორების შემდეგ, ფორმულამ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა კითხვით, როგორ შეაფასებდნენ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო "კიევის სურვილი, გაწევრიანდეს NATO-ში". ღარიბაშვილის თანახმად, რუსული აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო "NATO-ს გაფართოება". თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს "ბევრი სხვა მიზეზიც".
სახელმწიფო დეპარტამენტში ღარიბაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადეს, რომ რუსეთი დეზინფორმაციულ კამპანიებს იყენებს უკრაინაში მიმდინარე ომის გასამართლებლად და მთელ მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოსათხრელად.
"რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ დაწყებულა 2022 წელს. ეს ომი არის რუსეთის მიერ ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის ნაწილების უკანონო ხელში ჩაგდების გაგრძელება. პუტინი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ძალმომრეობით ყველაფერი გაუვათ, მაგრამ ცდებიან. რუსეთი იყენებს დეზინფორმაციის კამპანიებს - მიზანმიმართულად, სიცრუის ან სიმართლის მიზანმიმართულად მცდარად წარმოსადგენად, რათა გაამართლოს ეს ომი და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ინსტიტუტებს მთელ მსოფლიოში. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისგან პრეზიდენტ პუტინის შეკავების მცდელობის ფარგლებში, შეერთებული შტატები მუდმივად საუბრობდა ორ არჩევანზე, რომელიც უნდა გაეკეთებინა რუსეთს: დიალოგი და დიპლომატია ან ესკალაცია და მასიური შედეგები. ჩვენ გულწრფელად გავწიეთ ძალისხმევა, პუტინს აერჩია პირველი, მაგრამ მან აირჩია ომი", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
***
ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.
"ყველამ იცის მგონი მიზეზი [...] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. [...] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.
უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა.
გასული წლის 5 მარტს პუტინმა თქვა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდებოდა.
"გესმით, რა შეიძლებოდა ამას გამოეწვია [NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას]? ან შეიძლება ჯერ კიდევ გამოიწვიოს? თუ ეს NATO-ს ქვეყანაა, ამ ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ალიანსის ყველა სხვა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში", - თქვა პუტინმა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.