ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობას მოუწოდებს, იმუშაონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში accentnews-ს განუცხადეს.
"ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საკუთარ მომავალს ევროპასთან ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მკაფიო საგზაო რუკა მისცა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა აქტორს, გაერთიანდნენ და იმუშავონ ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს ერთიანობის საჭიროება არასოდეს მდგარა ასე მწვავედ. ეს არის ის, რასაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საჯაროდ არაერთხელ გაუსვა ხაზი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე", - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.